დღეიდან „პოსტვ”-ი მაუწყებლობას „მაესტროზე“ იწყებს

დღეიდან ინტერნეტმედია „პოსტვ“-ის გადაცემები ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავა.
მაყურებელი ინტერნეტტელევიზიის სამ პოლიტიკურ გადაცემას – „მედიარენტგენს“, „კონსერვატორიას“, „პოლიტიკურ დეტექტორს“ „მაესტროს“ ეთერში იხილავს. „პოსტვ“-ის გადაცემების წამყვანები არიან ნიკა ლალიაშვილი, ნუგზარ რუხაძე, ვაკა გორგილაძე და გიორგი გაბუნია, არხის დირექტორი კი ლაშა ნაცვლიშვილია.
გადაცემა „მედია-რენტგენი“ ყოველ ოთხშაბათს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება. მისი წამყვანი ნიკა ლალიაშვილია. გადაცემის მიზანი მედიაში გასული ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ და მათი ავტორთა მხილებაა. პროექტში სტუმრის სტატუსით მეორე მხარეს მიიწვევენ, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა დაიცვას თავი. გადაცემაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, მათ ინტერესებს ე.წ. „სახაზინო ადვოკატი“ დაიცავს, რომელსაც გადაცემის გუნდი წარადგენს.
ყოველ ხუთშაბათს, 22:00 საათზე მაყურებელი იხილავს გადაცემა “კონსერვატორიას”. მას ნუგზარ რუხაძე, ვაკა გორგილაძე და ნიკა ლალიაშვილი გაუძღვებიან. წამყვანები, სტუმრებთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ “პოსტვ“-ის ანალიტიკის განყოფილების ბლოგერებიც, რომლებიც ინტერნეტმედიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ბლოგებს წარადგენენ.
ნიკა ლალიაშვილის საავტორო გადაცემა „პოლიტ-დეტექტორი“ „მაესტროს“ ეთერში, ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე გავა. გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს, 20 კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. პასუხების მიხედვით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით კი, „პოლიტიკური დეტექტორი“ მაყურებლისთვის ადვილად აღქმადი ვიზუალით გამოავლენს გადაცემის სტუმრის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ტიპაჟს: კონსერვატორია სტუმარი თუ ლიბერალი, მემარცხენე თუ ცენტრისტი და რომელი მსოფლიო პოლიტიკოსის იდეოლოგიასთან არის მისი მსოფლმხედველობა ახლოს.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, “მაესტროზე”, პოლიტიკურ გადაცემებთან ერთად, „პოსტვ“-ის გასართობი შოუც იხილოს. „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე გავა ეთერში.
„ღამის შოუს“ დასრულებისთანავე ეთერში „პოსტვ“-ის ახალი პროდუქტი, ანიმაციური სერიალი „სუპერ რომანი“ გავა ეთერში, რომლის მთავარი გმირები რომან გოცირიძე, მეგი გოცირიძე, ნიკა მელია და სხვა პოლიტიკოსები არიან. მულტსერიალი პოლიტიკური სატირის ჟანრისაა. ანიმაციურ სერიალში დღევანდელი პოლიტიკური რეალობაა გაშარჟებული.
“ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ ყველაზე მაგარი ონლაინმედია „პოსტვ“-ი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს ადამიანების ის კატეგორიაც, რომლებიც გარკვეული პროზაული მიზეზების გამო, ჩვენ ვერ გვიყურებენ. მათ არ აქვთ ან ვერ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა, თუ სად შეეძლოთ „პოსტვ“-ის გადაცემების ყურება.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ინტერნეტის არის, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ ადამიანების სურვილის იგნორირების. ეს არის ჯანსაღი ავანტიურა და მადლობა მინდა ვუთხრა „მაესტროს“ ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ამაში მხარი დაგვიჭირა. ამიტომ, ვინც ჩვენ გვთხოვდით, სად გეყურებინათ „პოსტვ“-ისთვის, გადართეთ „მაესტროზე“ ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს საღამოს 22:00 საათზე. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის“, – აცხადებს „პოსტვ“-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები