“როცა იქნება ეკონომიკური შესაძლებლობა, ხელფასების მატება არა მხოლოდ მეტროს, არამედ ყველა მიმართულებით მოხდება”

რა კონკრეტული გეგმა გვაქვს, ამას ხვალ მთავრობის სხდომაზე გაიგებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ქალაქი სატრანსპორტო პრობლემის წინაშე არ დადგება – რა კონკრეტული გეგმა გვაქვს, ამას ხვალ მთავრობის სხდომაზე გაიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მეტროს მატარებლების მემანქანეების ხელფასის გაზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„ყველას სამუშაოს პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლებ პასუხისმგებლობა აქვს და 700-800 ლარი აქვს ხელფასი. ამ ადამიანებს აქვთ ორჯერ თუ ორ-ნახევარჯერ მეტი ხელფასები. იმ სხვა ადამიანებმა რა დააშავეს, რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში არანაკლებ საპასუხისმგებლო სამუშაოს აწარმოებენ ყოველდღიურ რეჟიმში. იმ ადამიანებს რა უნდა ვუპასუხოთ მერე. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, იქნება ეკონომიკური შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ხელფასების მატება არა მხოლოდ მეტროს მიმართულებით, არამედ ყველა მიმართულებით, რომელიც პრობლემაა, აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეების ნაწილმა განაცხადა, რომ მუშაობას შეწყვეტენ, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას შედეგს ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები