თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებს ეხმაურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – „ერთობა 2013“ წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მოთხოვნა, მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს. თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით: წლები 2013 2014 2015 2016 2017 ; მემანქანე ინსტრუქტორი: 1,824 1,962 1,968 2,046 2,158 ; ხაზის მემანქანე : 1,605 1,700 1,730 1,794 1,827.
მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. თბილისის სატრანპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და მათი პირობების გაუმჯობესება კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად. კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე. თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება“, -აღნიშნულია განცხადებაში.
3 მაისს, დილიდან შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს. ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013-ის“ წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მემანქანეთა პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრების თქმით, მემანქანეები შრომის ანაზღაურებას საათობრივად იღებენ, რაც 6,92 ლარის შეადგენს. ისინი ხელფასის 10 ლარამდე გაზრდას, უკვე ორი წელია ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები