ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოავლინეს.

თურქეთის რესპუბლიკაში გატანამდე, აჭარაში გადამოწმების მიზნით შეჩერებული 6 სატვირთო ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო მურყანის (თხმელას) სახეობის 245 მ3 საშეშე მერქანი. მძღოლების მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რის გამოც, მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (128 პრიმა 2 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს).

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ადგილზე გადამოწმების შედეგად, ოთხ მათგანში მითითებული მონაცემები არ დადასტურდა, კერძოდ, გაირკვა, რომ ხე-მცენარეები არ იყო მოპოვებული წარმოშობის დოკუმენტში მითითებულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ოთხივე სატვირთო ავტომანქანა დაილუქა.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები