ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძემ 57.86%, ხოლო გიგი უგულავამ 38.38% მიიღო

საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას შედეგები 60-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით წარუდგინა.

„დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. საუბნო შემაჯამებელი ოქმების განთავსება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო და ასევე, პერიოდულად ქვეყნდებოდა დათვლილი უბნების შესაბამისად, კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები. დათვლილია 60-ვე უბნის შედეგი და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მან მედიას, ასევე, გააცნო ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა გენდერულ ჭრილში: ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13 731-მა ქალმა (49.31%) და 14115-მა კაცმა (50.69%) ამომრჩეველმა. „როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, საჩივრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის, დამატებით ახალი მონაცემი საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია“, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები, 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: №2 გიორგი უგულავა – 10 404 (38.38%); №17 გიორგი ლილუაშვილი – 124 (0.46%); №21 ზურაბ ქართველიშვილი – 59 (0.22%); №23 მამუკა ტუსკაძე – 399 – (1.47%); №41 გივი ჭიჭინაძე – 15 684 – (57.86%); №42 ვასილ კოპალიანი – 436 – (1.61%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები