გიორგი აბაშიშვილმა პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრებს უმასპინძლა

გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრებს – საქართველოს სხვდასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა და საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ, საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების მნიშვნელობას შეეხებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აბაშიშვილმა ყურადღება გაამახვილა თავისუფალი მოქალაქის როლზე სახელმწიფოში და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. მან სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერის აუცილებლობაზეც ისაუბრა, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე.
„სტუდენტებთან ურთიერთობით ჩანს, რამდენად სჯერათ თავისუფლების, რამდენად უზრუნველყოფს თავისუფლება განვითარებას და რამდენად სწორად ესმით მათ, რა არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. როდესაც ვუსმენთ ასეთ ახალგაზრდებს, ეს გვაძლევს უფრო მეტ სტიმულს და მუხტს, ვიმუშაოთ მეტი, იმისთვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს რეალურად სწრაფი დემოკრატიული განვითარება,”- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა საზოგადოების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, პრეზიდენტის არჩევის წესი და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი, ეკონომიკური სირთულეები და დასაქმების პრობლება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრები ოთხი დღის განმავლობაში, თბილისში სხვადასხვა უწყებებს სტუმრობდნენ და დისკუსიებში მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები