პოლონელმა მეცნიერებმა გიორგი კვირიკაშვილს საჩუქრად პოლონურად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს

სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პოლონეთის უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე, ქართულ და პოლონურ აკადემიურ წრეებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვანია გაღრმავდეს კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირები და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას დიდი როლი ენიჭება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვარშავის უნივერსიტეტის უაღრესად დიდ წვლილს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციაში.
პოლონელმა მეცნიერებმა მთავრობის მეთაურს საჩუქრად სპეციალურად მისთვის მიძღვნილი სახელობითი მინიატურული გამოცემა – პოლონურად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.
პოლონეთის უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები