ნავალ ელ მუტავაკელი: საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი

„საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი“, – ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნავალ ელ მუტავაკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნავალ ელ მუტავაკელმა შეხვედრისას აღნიშნა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს წინადადებას, რომ 2030 წელს, საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს, მიესალმება.

„განვიხილეთ თქვენი წინადადება – 2030 წლის პერსპექტივაში საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს სწორი დროა, რომ გააჟღეროთ თქვენი სურვილი და ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას. საქართველოში პირველად ვიმყოფები და მჯერა, კიდევ არაერთხელ გესტუმრებით მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებზე. მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ, კერძოდ კი თბილისმა, ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ – აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ნავალ ელ მუტავაკელმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიზნებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, მიმდინარე წელს, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით, საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნა, რის შესახებაც გადაწყვეტილება თომას ბახმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქალაქ ლოზანაში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, დიდი მხარდაჭერაა საქართველოს მიერ დასახული მიზნის მისაღწევად – ქვეყანამ 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისკენაც დიდი ძალისხმევაა მიმართული. ითქვა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს ორი დღით სტუმრობს. დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია წარმოადგინოს მაროკო, როგორც 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო თასის მასპინძლობის პრეტენდენტი ქვეყანა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები სამირა სიტაილი და კამალ ლაჰლო ჰამიდი და მაროკოს სამეფოს საპატიო გენერალური კონსული საქართველოში მიხეილ ალხანიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები