დოლბანდი 2 წლის პატარას სხეულში – მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება 2 წლის ნენე მ-ძეს, რომელსაც “იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს” ექიმებმა ოპერაცია მაშინ ჩაუტარეს, როდესაც პატარა 2 თვის იყო. ამის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანეს. ფრანგმა ექიმებმა პაციენტის სხეულში დოლბანდი, თითქმის ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
„კვირას“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს 2 წლის ნენეს მამა, რომელმაც გამოძიების კითხვებს უპასუხა.

სამართალდამცავების პარალელურად, მომხდარ ფაქტზე მოკვლევას, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია, “იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს” შემოწმებას იწყებს. სპეციალური კომისია, მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.

ოჯახის ინტერესებს საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი იცავს.
ლიკა ტანიაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ “იაშვილის კლინიკისგან” ოჯახმა, მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
„წინაპირობები არსებობს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. მატერიალური ზიანის ანაზღაურება რომ მოვითხოვოთ, გვჭირდება გარკვეული დოკუმენტაციების მოძიება, რომელიც ადასტურებს კონკრეტულად რა თანხაში გამოიხატა ეს მატერიალური ზიანი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, კანონში პირდაპირ გვაქვს მითითება, რომ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოთხოვნილ იქნას ეს და სწორედ ეს შემთხვევაა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას, როგორც საქართველოში არსებული დოკუმენტაციით, ასევე საფრანგეთის მიერ გაცემული მტკიცებულებით“, – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი ლიკა ტანიაშვილი.
ნენე მ-ძეს რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და რეაბილიტაციის კურსს გადის.

„კვირა“ “იაშვილის სახელობის კლინიკას” რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

კომენტარები

კომენტარი