“სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს შრომითი მიგრაციის პროცესში, არამხოლოდ მონიტორინგი უნდა გაწიოს, არამედ მხარდამჭერიც უნდა იყოს”

„ვიზალიბერალიზაციამ საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა მთავრობისადმი არის ის, რომ დადგა დრო, ქვეყნის შიგნით მიგრაციის სისიტემას გადავხედოთ“,-ამის შესახებ „დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის“ პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაალ სარაჯიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა, რაც ვიზალიბერალიზაციისას დადგა, არის დასაქმება. ასევე, კრიმინალური ელემენტი, თავშესაფრის ელემენტი და ა.შ.
„თავშესაფრის ელემენტში რომ კარგად ჩავიხედოთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანების, ვინც თავშესაფარს ითხოვს, მთავარი მიზანია დასაქმების უფლების მიღება. მათი უმეტესობა თავშესაფარს ითხოვს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი დასაქმება.
ჩვენ, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურობას მივესალმებით. სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს შრომითი მიგრაციის პროცესში, არამხოლოდ მონიტორინგი უნდა გაწიოს, არამედ მხარდამჭერიც უნდა იყოს. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი: პირველი ვარიანტი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში ყოფილიყო თანაშემწის ან მრჩევლის რანგის მქონე ადამიანი, რომელიც პრემიერისა და მთავრობის სახელით დაამყარებდა საჭირო კონტაქტებს შრომითი მიგრაციის საკითხებში ევროპის ყველა სახელმწიფოს მთავრობებთან, რომ მერე უკვე, შესაბამის სამსახურებს ემუშავათ. მეორე იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გაეაქტიურებინა ინდივიდუალური უწყებათაშორისი ურთიერთობები ყველა ევროპის წევრ სახელმწიფოსთან, რამეთუ ევროპის ყველა მთავრობაში არსებობს სპეციალური სამინისტრო, რომელიც შრომითი მიგრაციის საკითხებით არის დაკავებული“,- განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არ აქვს შესწავლილი ევროპული, შრომითი ბაზარი.
„ჩვენ არ ვიცით რა ქვეყნებში, რა შრომით მუშახელზეა საუბარი, რა კვალიფიკაციას ითხოვს ესა თუ ის სახელმწიფო დაქირავებული მუშაკისგან, შესაბამისად, წასვლა და დასაქმება ხდება ქაოტურად და ერთადერთი გამოსავალი საქართველოს მოქალაქეებმა რასაც ამ შემთხვევაში მიაგნეს, არის ის, რომ მარტივად მიიღონ ეს ყოველივე, არის თავშესაფარი. თუმცა, აქაც დადგა უკვე გარკვეული ტიპის პრობლემები, საქართველო შეიყვანეს უსაფრთხო ქვეყნების რიგში, შესაბამისად, ნაკლებად შესაძლებელია, უკვე თავშესაფრის მიღება, თუ არ არის რაღაც მძიმე გარემოება. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გადახედოს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობას. სამწუხაროდ, ეს კანონი მოიცავს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გასვლას საზღვარგარეთ, მაგრამ არ მოიცავს უცხოელების დასაქმებას ქვეყნის შიგნით, რაც იწვევს იმას, რომ სამუშაო ადგილებს იკავებს ინვესტორთან ერთად ჩამოსული მუშახელი, შესაბამისად ინვესტიცია საქართველოში შემოედინება, მაგრამ სამუშაო ადგილებზე მოქალაქეების დასაქმება ნაკლებია. ეს იწვევს ემიგრაციას, ამიტომ ეს ორივე საკითხი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ამ მხრივ სახელმწიფომ, როგორც ქვეყნის შიგნით შრომით მიგრაციაზე, ასევე ქვეყნის გარეთ უნდა იმუშაოს“,- აღნიშნა ზაალ სარაჯიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.
სარაჯიშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც უკვე არალეგალური სტატუსის არის, ანუ არ გააჩნია ლეგალურად ყოფნის უფლება, ვერ მოექცევა ამ რეგულაციებში.
„ასეთმა ადამიანმა უნდა დატოვოს არსებული ქვეყნის ტერიტორია, შესაბამისად მასზე იქნება სანქციები, როგორც ფინანსური ისე დროებით შესვლაზე აკრძალვა, ასე რომ, ეს ადამიანები ვერც ვიზალიბერალიზაციის ჭრილში და ვერც შრომითი მიგრაციის ჭრილში ვერ მოხვდებიან“,- აღნიშნა „დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის“ პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აქ საუბარია საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი უცხოეთში იმუშაონ, -„აქვთ გარკვეული ტიპის კვალიფიკაცია და, გარკვეულწილად, გადამზადებას საჭიროებენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები