“მკვეთრი ზღვარი უნდა გაევლოს, თუ რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”

„საქართველოს საპატრიარქოს წინაშე საკითხი ასე არ დგას. აუცილებელია ყოველთვის ზედმიწევნით სიზუსტით გამოიკვეთოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა, ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა, მისი დამოკიდებულება ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არა მხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა, რომელის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს.

მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქოს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. როგორც მან აღნიშნა, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა საჭიროა. “როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არამხოლოდ მართლმადიდებლების, არამხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენს, – იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, იქნება ბაპტისტური თემი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მან გამოხატვის თავისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მკვეთრი ზღვარი უნდა გაივლოს ამ თემასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში და ეს ბუნებრივია. ამდენად ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა. საჭიროა შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს იმას, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება. ვფიქრობთ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასეთი კანონის შემუშავებას ყოველთვის თავისი რისკები ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული ყველა რისკი“, – აღნიშნა ზვიადაძემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები