ზაალ სარაჯიშვილი: საქართველოში, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ემიგრაციის საკითხი გათვალისწინებული არ არის

„საქართველოში, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ემიგრაციის საკითხი გათვალისწინებული არ არის“, – ამის შესახებ „დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის“ პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სარაჯიშვილის თქმით, საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ, საპენსიო რეფორმის მიხედვით დაგროვებული საპენსიო დანაზოგის საქართველოში შემოტანას ვერ შეძლებენ.
„პარლამენტში აქტიურად მიდის საპენსიო სისტემაზე საუბარი, ჩვენ გავეცანით ამ კანონპროექტს და აქ არ არის ემიგრანტებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. ინიციატივა ორ მთავარ მომენტს ეხება, პირველი – ლეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი ვალდებულები არიან, იქ არსებულ დაგროვების საპენსიო სისტემაში გადარიცხონ სავალდებულო შენატანი, რაც მათი ხელფასიდან იქვითება. შესაბამისად, მათ უგროვდებათ გარკვეული თანხა და ამის მიღება მათ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევენ. თუმცა, ისინი არ აპირებენ საპენსიო ასაკამდე იქ დარჩენას და აპირებენ საქართველოში დაბრუნებას. მათ გაუჩნდათ აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა, თუ საქართველო გადადის დაგროვებით საპესიო სისტემაზე რამდენად შესაძლებელია იქ დაგროვებული თანხა იმავე ვალუტაში გადმოიტანონ უკვე საქართველოში, დღეს ამის გაკეთება მათ არ შეუძლიათ იმიტომ, რომ დღევანდელი საპესიო სისტემა ამის არანაირ საშუალებას არ იძლევა.
ასევე, არალეგალურად მყოფი ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მართალია მუშაობენ, მაგრამ არ აქვთ ლეგალური კონტრაქტები, არ ხდება გადასახადების ან სხვა რაიმე ტიპის თანხის დაქვითვა ამ ხელფასიდან, შესაბამისად, ისინი არც საქართველოს, ასე ვთქვათ, მომავალ დაგროვების საპენსიო სისტემაში ხვდებიან, იმიტომ, რომ არ ეწევიან შრომით საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, გვაქვს ის მოცემულობა, რომ ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქე ვერც ადგლსამყოფელ ქვეყანაში აგროვებს საპენსიო დანაზოგს სიბერისთვის და ვერც საქართველოში“,- განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა.
სარაჯიშვილის განცხადებით, ასოციაცია მუშაობს, რათა პარლამენტს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მიმართოს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ გაკეთდეს პროექტში ჩანაწერი და მოხდეს საზღვარგარეთ დაგროვებული საპენსიო დანაზოგის შემოტანა. მივმართავთ უახლოეს მომავალში შრომისა და ჯანდაცვის კომიტეტს, ასევე დიასპორის კომიტეტს და განსახილველად წარვუდგენთ ჩვენს პროექტს“, – განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა.
სარაჯიშვილი იმედოვნებს, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ემიგრაციის საკითხი გათვალისწინებული იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ემიგრანტებს ჩვენს პარლამენტში ჰყავთ გულშემატკივრები. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ვერც ტექნიკურ და ვერც სხვა ტიპის პრობლემას, რომ ეს მექანიზმი არ იქნას ჩადებული აღნიშნულ კანონპროექტში“,- აღნიშნა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ზაალ სარაჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები