პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა. კვლევის მიხედვით, საქართველო 61-ე პოზიციაზეა, შარშანდელ რეიტინგში კი 64-ე ადგილი ეკავა. კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში პრესა პლურალისტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი არ არის. „ბოლო წლების რეფორმებს მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური მაუწყებლობის კუთხით გაუმჯობესება მოჰყვა“, – წერია დასკვნაში. თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოში მედია ჯერ კიდევ პოლარიზებულია და მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. „მთავარი ოპოზიციური არხის „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ნაკლებად ხდება, თუმცა მუქარის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ამახვილებენ. ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, მონაცემებით, 2013 წლის შემდეგ, საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი 39 საფეხურით გაუმჯობესდა მაშინ, როდესაც ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპაში პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რეგიონული მონაცემები გაუარესდა. „წლის დიდი ნაწილის განმავლობაში რეგიონული მონაცემები სწორედ ევროპაში – პრესის თავისუფლებისთვის ყველაზე უსაფრთხო რეგიონში უარესდებოდა. პოზიციების გაუარესების თვალსაზრისით, ინდექსის პირველ ხუთეულში ოთხი ევროპული ქვეყანაა: მალტა (65-ე ადგილი, ინდექსი შემცირდა 18 პუნქტით), ჩეხეთი (34-ე ადგილი, გაუარესება 11 პუნქტით), სერბეთი (76-ე ადგილი, გაუარესება 10 პუნქტით) და სლოვაკეთი (27-ე ადგილი, გაუარესება 10 პუნქტით). ევროპული მოდელის ნელი დაკნინება გრძელდება“,- აღნიშნავს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ანგარიშში საუბარია მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილის მიერ მედიის, როგორც მოწინააღმდეგის აღქმის ტენდენციის ზრდაზე. “დემოკრატიულად არჩეული ლიდერების სულ უფრო მზარდი რაოდენობა უყურებს მედიას არა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტურ ბურჯს, არამედ, როგორც მოწინააღმდეგეს, რომლის მიმართაც ზიზღის ღიად გამოხატვას ისინი აღარ ერიდებიან. კონსტიტუციის პირველი შესწორების ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები კვლავ შემცირდა დონალდ ტრამპის სათავეში ყოფნის პერიოდში, ამჯერად ორი პუნქტით (45-ე ადგილი).
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსში აზერბაიჯანი 163-ე, სომხეთი 80-ე, რუსეთი-148-ე, თურქეთი – 157-ე, ხოლო უკრაინა 101-ე ადგილზე მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები