გელა კვაშილავა: ესტაკადები არის ხაფანგი, საიდანაც უამრავი ქალაქი ცდილობს გამოძვრომას

„ახალი ესტაკადები საცობების მოგვარებისა და მოძრაობის განტვირთვის საშუალება არ არის და ამას განვითარებადი ქვეყნების ქალაქების ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს“, – ამის შესახებ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ესტაკადების მშენებლობა ასე ფრაგმენტულად, ქალაქის სატრანსპორტო მოდელის არარსებობის პირობებში დიდ რისკს შეიცავს.

„ტრანსპორტის სფეროში ფართოდ გავრცელებული ცნებაა – „გამოწვეული მოთხოვნის“ სისტემა, რომელიც ახალი გზების საშუალებით მანქანების ახალი ნაკადისთვის მოთხოვნილების გაზრდას გულისხმობს. ასეთ ურბანულ ზონებში, ახალი გზების გაჩენის დროს, მატულობს მძღოლების რაოდენობა, რაც საგზაო მოძრაობის ინტენსიურობას კიდევ უფრო ზრდის და შედეგად, ახალი საცობის მიზეზი ხდება“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

კვაშილავა მიიჩნევს, რომ „იპოდრომის“ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს როგორც ტრანსპორტზე, ისე ადგილობრივ გარემოზე, ლანდშაფტსა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე. მისი თქმით, უნდა მოხდეს აღნიშნული პროექტის უკეთ შესწავლა ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რადგან, კვაშილავას თქმით, ეს ცვლილებები პირველ რიგში მათ შეეხება.
„დღეს არსებული პროექტით იპოდრომთან კავშირი კიდევ უფრო გაურესდება და ეს მწვანე სივრცე კიდევ უფრო მიუწვდომელი და არამიმზიდველი გახდება. პროექტის მიმართ არსებობს უამრავი შეკითხვა, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი. ეს შეკითხვებია:
შესწავლილია თუ არა არსებული და საპროგნოზო ნაკადები? დამატებით პრობლემა ხომ არ შეიქმნება სხვა მიმდებარე კვანძებზე?
ხომ არ მოვიზიდავთ დამატებით სატრანსპორტო ტრანზიტულ ნაკადს?
მოახდენს თუ არა, ორდონიანი კვანძის მშენებლობის შედეგად გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული ხმაური და ეკოლოგიური მდგომარეობა ირგვლივ მდებარე უძრავი ქონების ფასზე გავლენას?
ეკონომიკურად რამდენად სასარგებლოა აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები?
გაიზრდება თუ არა საგზაო უსაფრთხოების ხარისხი?
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ესტაკადები ამახინჯებს და არამიმზიდველს ხდის ურბანულ გარემოს, რასაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურიც ემატება. არავინ ამბობს, არ აშენდეს ახალი გზები, თუმცა ყველა ასეთი მშენებლობა, პირველ რიგში, ხელს უნდა უწყობდეს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის უფრო კარგად შეკავშირებასა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას”, – განაცხადა გელა კვაშილავამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.
მისი თქმით, ლოს-ანჯელესში, ჰონოლულუსა და სან-ფრანცისკოში – ყველაზე მეტად დგას საცობების პრობლემა, კვაშილავა ამბობს, რომ ყველა ეს ქალაქი მოძრაობის განსატვირთად ახალი გზების მშენებლობის მიდგომას იყენებს.
„არის კი ახალი ესტაკადები საცობების მოგვარებისა და მოძრაობის განტვირთვის საშუალება? ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უფრო პირიქით ხდება. ახალი გზებთან ერთად მატულობს მძღოლების რაოდენობა, რაც საგზაო მოძრაობის ინტენსიურობას იმავე დონეზე ტოვებს. შედარებისთვის, იგივე ხდება წყლის მილის დიამეტრის შეცვლისას, როცა მილი უფრო განიერია, მეტი მოცულობის წყლით ივსება.
მაგალითისთვის, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ბაქოში, სადაც ხელისუფლება ნავთობის მაღალის ფასების ხარჯზე თავს უფლებას აძლევდა აეშენებინა ახალი ესტაკადები, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ საცობების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან ტრანსპორტის ახალი ნაკადი გაჩნდა. ახლა ხელისუფლება იძულებულია სხვა ღონისძიებებს მიმართოს, როგორიცაა, ავტობუსებისთვის მოძრაობის ცალკე ზოლების გამოყოფა, ეფექტური პარკინგის პოლიტიკის შექმნა და ახალი ავტობუსების შეძენა.
ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში – ლოს-ანჯელესში, ჰონოლულუსა და სან-ფრანცისკოში – ყველაზე მეტად დგას საცობების პრობლემა. ყველა ეს ქალაქი მოძრაობის განსატვირთად ახალი გზების მშენებლობის მიდგომას იყენებს.
ამასთან, ახალი ესტაკადები საზოგადოებას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ესტაკადები ამახინჯებს და არამიმზიდველს ხდის ურბანულ გარემოს, რასაც მიმდებარე ტერიტორიის ხმაურიც ემატება. ესტაკადები ეს არის ხაფანგი, საიდანაც უამრავი ქალაქი ცდილობს გამოძრომას, თუმცა ძნელად ახერხებს. დღეს უამრავი ქალაქის მესვეურები აშენებული ესტაკადების დაშლითა და იქ არსებული ადგილების გამოცოცხლებით არიან დაკავებული. ჩვენთან ესტაკადები შეიძლება ერთი შეხედვით მძღოლებისთვის მიმზიდველი იყოს, თუმცა რეალობაში ის მათ გადაადგილებას ვერ გააადვილებს“,- განაცხადა გელა კვაშილავამ.

ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენელმა ჯოზეფ სმიტმა აღნიშნა, რომ ორი დღის წინ შეხვდნენ „იპოდრომის“ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ადგილობრივები, დამატებით ხმაურზე და ჰაერის დაბინძურებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ორი დღის წინ შევხდით ადგილობრივ მოსახლოებას, მათ ისაუბრეს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა დამატებითი ხმაური, ჰაერის დაბინძურება, რომელსაც ეს ახალი პროექტი გამოიწვევს, ეს არის მათი ელემენტარული უფლებების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ მერიიდან მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ამბობენ, რომ რამდენიმე კორპუსი ავარიულია და მათ აქვთ შიში, რომ დამატებითმა ვიბრაციამ მათ საცხოვრებელ სახლებს მეტი საფრთხე არ შეუქმნას“,- განაცხადა ჯოზეფ სმიტმა.
მისი თქმით, ისინი რამდენიმე თვეა ცდილობენ მერიასთან კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა, უშედეგოდ.
„ამ პროქტის უკან არანაირი კვლევა არ დგას, გვიპასუხონ ამაზე. ვამბობთ, რომ სატრასპორტო პოლიტიკა კეთდება ზედაპირული დაკვირვებების საფუძველზე, როდესაც ერთი ადამიანი გამოდის და თავისი ახირების გამო ამბობს, რომ აი, ამ პროქტს განავახორცილებთ. როდესაც დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო, ეს არის სამწუხარო. თვეებია, ვცდილობთ, რომ მერიასთან კომუნიკაცია დავამყაროთ და ჩვენი წუხილი გავაჟღეროთ ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა, უშედეგოდ“,- განაცხადა სმიტმა.
მისი თქმით, მეორე აქცია „SOS-იპოდრომი“ შაბათს , 28 აპრილს, იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება.
„SOS-იპოდრომი“ არის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც იპოდრომთან მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე, იპოდრომით მოსარგებლე პირებსა და სხვა აქტივისტებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები