დარჩათ თუ არა ექიმებს ბავშვის სხეულში დოლბანდი – კომისია იაშვილის საავადმყოფოს შეამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს შემოწმებას იწყებს.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა მოსამართლემ ბრძანება გასცეს მეწარმის საქმიანობს შემოწმების შესახებ. მოსამართლის ბრძანების მიღების შემდეგ, რეგულირების სააგენტოს კომისია საკითხის შესწავლას დაიწყებს.
საქმე ეხება 2 წლის ნენეს, რომელსაც იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანეს. ფრანგმა ექიმებმა პაციენტის სხეულში დოლბანდი აღმოაჩინეს.
ეს სკანდალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში წყალტუბოს საკრებულოს წევრმა გიორგი ალიბეგაშვილმა გაავრცელა.
გიორგი ალიბეგაშვილი „იაშვილის კლინიკის“ ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმეს უკვე გამოძიება აწარმოებს.
კერძოდ, ექიმს ადანაშაულებენ იმაში, რომ 2 წლის პატარა ნენეს ოპერაციის დროს დოლბანდი ჩაუტოვა და ეს ფრანგმა ექიმებმა იპოვეს.
„კვირა“ გიორგი ალიბეგაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო. დაიბადა 6-თვიანი, სულ რაღაც 1.300 გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში, გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს, რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა, ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტიურად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთ თვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული. სრულიად დამპალი და, რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლო-ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა და ღვთის წყალობით, დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა გაუკეთდა მათთან, ნაღველის ამოჭრისას არასწორად ჰქონდათ შეერთებული სადინარები… არ ვიცი რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ, მაშინ, როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი, ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის რამდენს დაღუპავენ კიდევ“, – წერს გიორგი ალიბეგაშვილი.

„კვირა“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები