“ეკოლოგიური პრობლემის გაუარესების გამო, ლილოს ნაგავსაყრელთან მცხოვრები ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან”

“მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ და თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა, გულიკო ზუმბაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლილოს ნაგავსაყრელზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
როგორც ლილო, ორხევი, აეროპორტის უბნების ყოფილმა მაჟორიტარმა განაცხადა, ეკოლოგიური პრობლემის გაუარესების გამო, ნაგავსაყრელის ახლოს მცხოვრები ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
მისივე თქმით, კომპანიას, რომელსაც უნდა გადაეჭრა პოლიგონზე არსებული პრობლემები, 11-მილიონიანი ტენდერი 7 900 000 ლარად მოიგო, გულიკო ზუმბაძის თქმით, თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ ნაგავსაყრელზე მდგომარეობა ვერ გამოსწორდებოდა.
“2010 წლიდან, დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ნაგავსაყრელის პოლიგონი, რომლის ახლოს მცხოვრები ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ეკოლოგიური პრობლემის გაუარესების გამო. 2016 წლის შემდეგ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ შპს „დაგს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „დაგს“ 7 900 000 ლარად უნდა განეხორციელებინა გაზშემკრების გეომემბრანით გადახურვისა და კონსერვაციის პროცესები ნაგავსაყრელზე. 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო ეს პროცესები, ხოლო მიმდინარე წლის მარტის თვე საბოლოო ვადა იყო ხელშეკრულების მიხედვით, თუმცა უკვე აპრილია და დღეს იქ უფრო გამწვავებულია მდგომარეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია „დაგმა“ 11-მილიონიანი ტენდერი 7 900 000 ლარად მოიგო. თავიდანვე არსებობდა იმის ეჭვი, რომ კომპანია ასეთი მცირე თანხით ვერ მოაგვარებდა პრობლემას.
ჩემი აზრით, სახეზეა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება, ყველაზე უფრო კრიტიკული ეკოლოგიური საფრთხის შემცველ პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ჩართულობა და მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარების პროცესში”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. 
“მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ, ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა, რომ პლასტიკის ერა დამთავრდა და თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, პოლიეთილენის პარკებმა აღარ უნდა შეგვაწუხოს. მისივე თქმით, ახლა სამშენებლო ნარჩენის პრობლემა უფრო აქტუალურია.
“ლილოს ნაგავსაყრელის გახსნის დღიდან, ჩვენ თავიდანვე ვაკვირდებოდით იქ არსებულ პრობლემებს. დღეს, სამწუხაროდ, დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს კარგად ჩანს. გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ გაკეთებულიყო გაზშემკრები, თუმცა დღესაც არაა ეს მწყობრში მოყვანილი.
გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ დამთავრდა პლასტიკის ერა და შესაბამისად პოლიეთილენის პარკებმა აღარ უნდა შეგვაწუხოს თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ნარჩენების გეგმის მართვაზე მუშაობა კი თბილისმა ახლახანს დაიწყო. განსხვავებით წინა წლების მონაცემებით, როდესაც პრობლემა იყო რეგიონებში დიდი ოდენობით ნარჩენის დაგროვებისა ამ ეტაპზე სამშენებლო ნარჩენის პრობლემაა წამოწეული. ესაა არამარტო რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ლილოს ნაგავსაყრელის გადატანის საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში. მოსახლეობისთვის შემაწუხებელია სუნი და დაბინძურება, როდესაც ნაჟური წყლები ერევა ახლომდებარე სარწყავ არხს”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები