გარდაბანში იმ მოზარდების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც ბავშვზე იძალადეს და შემდეგ ვიდეო გაავრცელეს

გარდაბნის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მშობლები იმ 3 მოსწავლის სკოლიდან გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც მეშვიდეკლასელზე იძალადეს, ინციდენტი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.
ძალადობის მსხვერპლის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ნაცემია და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა.
„პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვხედავ. ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას,“- აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი „რუსთავი 2“- თან საუბარში.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მშობლების მოთხოვნაა, რომ ვიდეოს გადამღები მოზარდები სკოლიდან გარიცხონ.
„დღეს დადიან სკოლაში, ვითომ არაფერი დაუშავებიათ. ალბათ არც მშობლებზე იმოქმედა ამ ყველაფერმა და არც არიგებენ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები