მცხეთაში​ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები სარწყავი სისტემის არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას და მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭის მოწყობას ითვალისწინებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, არხი რკინა-ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბერმები და მოიხრეშება გზა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა ემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემდეგ სოფლებს: წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანს და ვარდისუბანს.
სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს. დღეისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 9 974 ჰექტარს შეადგენს, სარწყავი წყლის მიწოდება 1 600 ჰექტარზეა გაუმჯობესებული, ხოლო სადრენაჟო სამუშაოები განხორციელდა 2 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე. ბოლო 6 წლის მანძილზე, რეგიონში 278 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეკეთდა, ასევე, გაიწმინდა და მოწესრიგდა 628 კმ სამელიორაციო არხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები