ირაკლი კობახიძე – რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული და კორექტული იმ ფონზე, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა

0

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული და კორექტული იმ ფონზე, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა თავის განცხადებაში ასახა კურსი, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან აქვს და რომელიც დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკის და ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვაზეა დამყარებული. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ქართული მხარის პრაგმატულ მიდგომას რუსული მხარეც პრაგმატულად და რაციონალურად შეხედავს.
“პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ასახულია ის კურსი, რომელსაც ქვეყანა 2012 წლიდან ადგას. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი, რომელსაც თან ახლავს პრინციპები – ეს არის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა. ეს პრინციპები ჩვენს დასავლურ კურსთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერია ის, რასაც პრემიერ-მინისტრის განცხადება ეფუძნებოდა.
რუსული რეაქცია ბუნებრივია ჩვენთვის არ არის მოსაწონი. მთავარია ჩვენ მუდმივად დავაფიქსიროთ მზაობა დიალოგისთვის და ეს სულისკვეთება იყო ჩადებული პრემიერის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული იმ ფონზე, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა რეაქცია და პასუხი და იმედია ეს მიდგომა შეიცვლება და რუსეთის ხელისუფლება ჩვენს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული და რაციონალური მიდგომით უპასუხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი