კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

0

დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს იქნება თქვენი საკუთრება, მაგრამ მჯერა, რომ ეს იქნება დროებითი, რადგან ჩვენი სახლი არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავუბრუნოთ ეს ტერიტორიები ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – აღნიშნა დევნილებთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ თბილისში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა.
„ჩვენს შვილებს არ უნდა დავუმახინჯოთ ქალაქი. პირიქით, მათ უნდა შევუქმნათ ბევრი მწვანე სივრცე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ლამაზი, მოწესრიგებული ქალაქი. თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
შეხვედრაზე კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.
თბილისის მერობის კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე თბილისის სხვადასხვა უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი