მამუკა სალუქვაძე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა დღის წესრიგში არ დგას

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე დედაქალაქში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე, არ დგას დღის წერიგში.
​როგორც მამუკა სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განმარტა, საუბარია გარკვეულ მონაკვეთებში კერძო ტრანსპორტის შეზღუდვაზე, მას შემდეგ, რაც გამჭოლი უწყვეტი მაგისტრალი გაკეთდება, ამას კი რამდენიმე წელი და პროექტირება სჭირდება.
​მისივე თქმით, კახეთის გზატკეცილიდან დიდ დიღომში მოსახვედრად, მოქალაქეებს უწევთ ვიწრო ქუჩებით გადაადგილება, სანაპიროზე გადასვლა, რადგან არ არსებობს გამჭოლი უწყვეტი მაგისტრალი.

“სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გარკვეული მონაკვეთების გამოთავისუფლება, მით უმეტეს, თუ ამას დაემატება ის განივი კავშირები, რომლებიც გენგეგმის პროექტში მოინიშნა და რომელიც რკინიგზის ზედა ტერიტორიას დააკავშირებს დანარჩენ ქალაქთან”, – აცხადებს სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, გენგეგმის ჯგუფი დედაქალაქის მთავრობას სთავაზობს წინადადებებს, თუ როგორ შეიძლება მდინარესთან რეკრეაციული ტერიტორიების მიახლოება, მდინარის სანაპიროს გახსნა, რასაც მსოფლიოს ბევრ ქალაქში ახორციელებენ.
“ყველას მოსწონს, როდესაც უცხოეთში, მდინარის ნაპირთან მიახლოებაა შესაძლებელი, სადაც ან საპარკო და რეკრეაციული ზონაა, ან კაფე-ბარებია და ა.შ. ზუსტად ეს ჩანაფიქრი გვაქვს და უცხოელი კოლეგებიც ამას გვირჩევენ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და თბილისმა ისეთი ადგილები მოიძიოს, რომლებიც შეიძლება გაიხსნას მოქალაქეებისთვის, სადაც მოეწყობა რეკრეაციული, გამწვანებული ტერიტორიები, საველოსიპედო, საფეხმავლო ბილიკები და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მაგრამ ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ იმ გზის ალტერნატივას დავინახავთ, რომელიც დღეს არსებობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
გენგეგმის ჯგუფის წევრები, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ალტერნატივად რკინიგზის თბილისის ცენტრიდან გადატანის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიას განიხილავენ. როგორც ​​მამუკა სალუქვაძე განმარტავს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით, დღეს ნაკლებად არის განვითარებული ნაძალადევის რაიონი და მიმდებარე ტერიტორიები, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან თბილისს დღეს ორი დიდი გამყოფი აქვს – მდინარე და რკინიგზის ხაზი, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო განვითარებას ხელს უშლის.
„ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, ეს პროექტი წლებზეა გათვლილი და ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს გენგეგმის ჯგუფის წინადადება ხვალიდან იწყება და ზეგ მთავრდება. ჩვენი წინადადებები არის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი და ეს 2030 წლამდე უნდა გაგრძელდეს ანუ 13 წელია კიდევ ამისთვის“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები