ბორჯღალოსნებმა ამერიკის კონტინენტზე პირველს, მეორე გამარჯვებაც მიაყოლეს

0

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ატლანტაში ტესტმატჩი გამართა აშშ-ის ეროვნულ გუნდთან და 21:17 გაიმარჯვა მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ამერიკელთა შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე გახსნა ანგარიში ლელოთი, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა – 0:5.
ამის შემდეგ ეი ჯი მაკგინტიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რასაც მერაბ კვირიკაშვილის ანალოგიური პასუხი მოჰყვა – 3:8. 28-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 3:11. ტაიმის მიწურულს (როცა სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ) საჯარიმო ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა – 3:18. მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო გაიტანა – 3:21.
57-ე წუთზე ამერიკელებმა მატჩში პირველი ლელო დადეს, ეს ნეით ოგსპერგერმა შეძლო, ხოლო მაკგინტიმ გარდასახა – 10:21.
13 წუთში ამერიკელებმა მორიგი ლელო (იენსენი) რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანეს, რომელიც მაკგინტიმ გარდასახა – 17:21.
78-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა საჯარიმო, თუმცა ნაკრებმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ისტორიაში პირველად მოიგო აშშ-ში.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებში საქართველო სამ მატჩს თამაშობს, პირველ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” კალგარიში 13:0 დაამარცხეს კანადის ნაკრები, ხოლო სერიას მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ივნისს ქალაქ ხუხუიში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან თამაშით დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი