“ქართულ კლასიკოს” “დინამო” და “ტორპედო” ლიდერის სტატუსით შეხვდებიან

0

17 ტურის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე, ეროვნულ ლიგას კვლავ თბილისის „დინამო“ ლიდერობს, რომელმაც ამჯერად მორიგი სამი ქულა დედაქალაქურ დერბიში, სტუმრად “საბურთალოსთან” აიღო. ტურის ცენტრალური შეხვედრა არც ისე დაძაბული გამოდგა, როგორც მატჩის წინ ივარაუდებოდა და დინამოელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა. უინტერესო და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ გულშემატიკვარმა სრულიად განსხვავებული და საკმაოდ საინტერესო მეორე ტაიმი იხილა. „დინამომ“ ტაიმის სტარტზე ორი გოლის გატანა მოახერხა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 47-ე წუთზე დავით კობოურის გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ თავით ბაჩანა არაბულმა გაიტანა. 51-ეზე კი, საბა ლობჟანიძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო და სწრაფი კონტრიერიში თავადვე დაასრულა. მატჩი კახა კაჭარავას გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 70-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა შორეული დარტყმით „საბურთალოს“ მესამე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს „დინამომ“ კიდევ ორჯერ გაიტანა და მიმდინარე სეზონში მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. 89-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ნიკა ნინუამ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი, ნინუას გადაცემით დუბლი გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა.
მეჩვიდმეტე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გოლის გატანა დინამოელებსაც შეეძლოთ. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ნახევარში გავიდა. მე-20 წუთზე გიორგი კუხიანიძემ გიორგი ქიმაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად. საბოლოოდ ტორპედოელებმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერთან სამქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. თბილისელებს 17 თამაშის შემდეგ 40 ქულა აქვთ, “ტორპედოს” კი 37, სწორედ ქართული კლასიკოს მონაწილეები დაუპირისპირდებიან “დინამო არენაზე” ერთმანეთს მომდევნო მეთვრამეტე ტურში, რომელიც 21 ივნისს შედგება.

კომენტარები

კომენტარი