პოლონური მხარე ჰენრიხ ჰრინევსკის უნიკალური მხატვრობის რესტავრაციას იწყებს

0

22 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვარშავის სამხატვრო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ვარშავის სამხატვრო აკადემიის კონსერვაციისა და რესტავრაციის ფაკულტეტის პროფესორი ქშიშტოფ ხმელევსკი.
ღონისძიებას დაესწრებიან: პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს უცხოეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი იაცეკ მილერი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი,  პოლონეთის საელჩოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები.
დოკუმენტის თანახმად, პოლონური მხარე მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის უნიკალური მხატვრობის რესტავრაციაში. როგორც ცნობილია, ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობის ჭერის მხატვრობის ავტორია პოლონელი მხატვარი ჰენრიხ ჰრინევსკი.
მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ განახორციელებენ  ხელოვნების, საგანმანათლებლო და კვლევით ერთობლივ პროექტებს, მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ პროგრამებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და ტრენინგებში. დოკუმენტი ითვალისწინებს ელექტორნული ინფორმაციისა და ლიტერატურის გაცვლასაც.

 

კომენტარები

კომენტარი