„ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავიცვათ ჟურნალისტთა პრესტიჟი და ავტორიტეტი“

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარემ, მარინა თექთუმანიძემ და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრებმა, მთვარისა კერესელიძემ და გუბაზ მეგრელიძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე 18 მარტს ჩატარებულ ჟურნალისტთა კავშირის ყრილობაზე ისაუბრეს. მათ, ასევე, სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი კავშირის ფეხზე დაყენებაა.
„18 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში ჩატარდა ყრილობა, რომელიც ძალიან წარმომადგენლობითი იყო, ბოლო 2 ყრილობა ასეთი ხალხმრავალი არ ყოფილა, გვყავდა 151 დელეგატი და ეს დელეგატები მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა რაიონებიდან. 151 დელეგატიდან გამოცხადდა 123. ჟურნალისტებმა, ერთსულოვნად, ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს”, – განაცხადა ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარემ, მარინა თექთუმანიძემ.
ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრმა, მთვარისა კერესელიძემ აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეებად ღირსეული კანდიდატები არიან არჩეულნი.
„ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა. ახალი გეგმებით, იდეებით და ამოცანებით მობრძანდნენ თანათავმჯდომარეები მარინა თექთუმანიძე და მარინა გიგინეიშვილი, თუმცა, დილეტანტები ეწინააღმდეგებოდნენ მათ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება და ღირსეული კანდიდატები აირჩიეს თანათავმჯდომარეებად”, – აცხადებს მთვარისა კერესელიძე.
როგორც ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრმა, გუბაზ მეგრელიძემ აღნიშნა, კავშირის მთავარი მიზანი  ჟურნალისტთა უფლებების დაცვა იქნება.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავიცვათ ჟურნალისტთა საავტორო უფლებები, მათი პრესტიჟი და ავტორიტეტი. პროფესიული საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნავს მეგრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები