ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და გამარჯვება “მაიამი ჰითთან”

0

„გოლდენ სტეიტმა“ და ზაზა ფაჩულიამ ახალ 2017 წელს უკვე მე-5 მატჩი ჩაატარეს. წინა 4 მატჩში ქართველმა ცენტრმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, ხოლო დღეს, „მაიამისთან“ ეს ტრადიცია დაარღვია, თუმცა მთავარია, რომ ქართველმა ცენტრმა ჩვეული შემართებით ითამაშა და ოკლენდელთა მორიგ გამარჯვებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წილი შეიტანა.
ზაზას ნბა-ს ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრის – ჰასან უაითსაიდის ოპონენტობა უწევდა. მაიამელთა ლიდერმა მთლიანობაში ფაჩულიაზე 13 წუთით მეტხანს ითამაშა და მატჩის საუკეთესო სტატისტიკაც (28 ქულა, 20 მოხსნა) დააფიქსირა, თუმცა ქართველი როცა მოედანზე იყო, უაითსაიდი თავს თავისუფლად ვერ გრძნობდა და ეს, უპირველესად მატჩის დასკვნით წუთებზე ითქმის, როცა შეხვედრის ბედი გადაწყდა და ამაში ფაჩულიას როლი დიდია.
“გოლდენ სტეიტმა“ კლეი ტომპსონი დაასვენა და სავარაუდოდ ეს იყო მიზეზი, რომ ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ლიდერს მისსავე მოედანზე ბრძოლა გაუმართა. ფლორიდელები ოკლენდში თამამად თამაშობდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში არ გატყდნენ. „გოლდენ სტეიტმა“ ვერა და ვერ მოიპოვა იმხელა უპირატესობა, რომ დამშვიდებულიყო.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1 ქულით წააგეს, ხოლო მესამე მეოთხედში იძალეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ. ჰასან უაითსაიდმა მეოთხე 12-წუთეულის დაწყებისთანავე დიდად გაილაღა და მისი ფარზე დომინირებით „მაიამიმ“ საფინალო სირენამდე 6:15 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 82:85. სწორედ ამ დროს გამოვიდა მოედანზე ზაზა ფაჩულია, რომელიც თამაშში მანამდე 9 წუთი არ იმყოფებოდა.  აქ აღსანიშნავია ის, რომ ფაჩულიას სეზონის დაწყებიდან ბოლო წუთებზე მოედანზე ყოფნა თითქმის არ უწევდა. მწვრთნელს ის ბოლო პერიოდში თამაშში იშვიათად შეჰყავდა, ისიც მეოთხედის დასაწყისში. ბოლო მატჩებში კი ეს ვითარება შეიცვალა – ფაჩულიას გადამწყვეტ წუთებში და, ოვერტაიმშიც კი, მოედანზე ყოფნა უწევს და ზაზაც ამართლებს.
85:82 ანგარიშზე ფაჩულიას თამაშში ჩართვის შემდეგ, მაიამელთა ლიდერმა ჰასან უაითსაიდმა დარჩენილ 6 წუთში მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, „გოლდენ სტეიტმა“ კი გაქცევა მოაწყო და ჯერ 96:85 დაწინაურდა, ხოლო ბოლოსწინა წუთზე, როცა ფაჩულიამ ბურთი ჩაჭრა და სტეფ კარის ზუსტ გარღვევას დაუდო სათავე, მატჩის ბედი გადაწყდა – მასპინძლები 11 ქულით დაწინაურდნენ და სეზონის 33-ე გამარჯვება გაიფორმეს. ზაზაც შეხვედრის დასრულებამდე 1:17 წუთით ადრე გავიდა მოედნიდან და თან 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გაიტანა.
ფაჩულიამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და ისევ შედეგიანად ესროდა: 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხებათ ოკლენდელ ბომბარდირებს – კევინ დიურანტმა 28 ქულა მოაგროვა, ხოლო სტეფ კარიმ – 24.
33 მოგებითა და 6 მარცხით „გოლდენ სტეიტმა“ ლიგის ლიდერობა განიმტკიცა, რადგან მდევარმა „სან ანტონიომ“ დღეს სეზონის მე-8 მატჩი წააგო. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 13 იანვარს, ისევ ოკლენდში, „დეტროიტ პისტონსთან“ ელის.

კომენტარები

კომენტარი