კახა კალაძე: “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება

0

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით “გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის 10 პროცენტის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.
ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მთავრობამ იმსჯელა შემოთავაზებაზე და მიიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის.
ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ ფასს, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით იგივე შედეგს ვიღებთ, რასაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში ვიღებდით. თანხობრივად, საერთო ჯამში, ფინანსური შედეგი იგივე იქნება. საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობებისთვის ფასი 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარი იქნება”,- განაცხადა კახა კალაძემ. რუსულ კომპანია “გაზპრომთან” ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ძველი კონტრაქტის მიხედვით, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.

კომენტარები

კომენტარი