2016 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის პრიზი თორნიკე ოქრიაშვილს გადაეცა

0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის საუკეთესოები გამოავლინა. სასტუმრო “თბილისი რუმსში” ჩატარებულ ღონისძიებაზე, პირველად, განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირები დააჯილდოვეს. ვინაიდან 2016 წელს ერთდროულად ორი ჩემპიონატი შედგა, ორი ფეხბურთელის დაჯილდოება გახდა საჭირო. 27-ე ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი, თბილისის “დინამოს”, შემდგომში კი ვენის “რაპიდის” მოთამაშემ გიორგი ქვილითაიამ ირგუნა, ხოლო გარდამავალი 28-ე პირველობის საუკეთესო მეგოლე “სამტრედიის” ლიდერი ბუდუ ზივზივძე გახდა. ბუდუ ზივზივაძე ასევე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზსაც დაეუფლა. გიორგი ვადაჭკორია 2016 წლის საუკეთესო მსაჯად იქნა აღიარებული. თბილისის “დინამოელმა” ოთარ კიტეიშვილმა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში იმარჯვა, ხოლო გარდამავალი ჩემპიონატის ხელმძღვანელმა “სამტრედიის” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ წლის მწვრთნელის პრიზი დაისაკუთრა. დღევანდელ, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფუტსალის მოთამაშეც გამოვლინდა და ის ჩვენი ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე გახდა. წლის საუკეთესო გოლად, საფეხბურთო კლუბ “შევარდენის” ფეხბურთელის ნიკოლოზ მაისურაძის მიერ გატანილი ეფექტური ბურთი აღიარეს. საქართველოს ქალთა ეროვნული პირველობის საუკეთესო მოთამაშედ ლანა გორგაძე დასახელდა. წლის საუკეთესო ქართველი ქალი ფეხბურთელის პრიზი კი გულნარა გაბელიას გადაეცა. დღევანდელი საღამოს კულმინაცია და უმთავრესი ჯილდო, 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი თორნიკე ოქრიაშვილს ხვდა წილად.

კომენტარები

კომენტარი