,,ქართველ ადვოკატებს შეეძლებათ, უფასო სტაჟირება საფრანგეთში გაიარონ“

პარიზში, ყოველ წელს იმართება იურიდიული წლის დაწყების ცერემონიალი, რომელშიც ფრანგი ადვოკატები მონაწილეობენ. ეს არის ძალიან ლამაზი სანახაობა. ღონისძიებაზე  მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა გაერთიანებების წარმომადგენლები. ფრანგი და ევროპელი ადვოკატები გამოწყობილნი არიან ეროვნულ მანტიებში.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები აქვს საფრანგეთის საადვოკატო გაერთიანებასთან _ პარიზის ბართან, ამიტომ ღონისძიებაზე ისინიც მიიწვიეს.

დავით ასათიანი _ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი:

_ ამ ცერემონიაზე მხოლოდ საქართველოდან ჩასული ადვოკატები ვიყავით მანტიების გარეშე. ჯერჯერობით ადვოკატებისთვის მანტიების გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ადვოკატთა საერთო კრებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება მანტიების შემოღებასთან დაკავშირეებით, მაგრამ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, ადვოკატებს მანტიები აცვიათ.

მანტიების ტარების ტრადიცია არსებობს აზერბაიჯანშიც და თურქეთშიც. რადგან ჩვენ ვართ ევროპის სამართლის სკოლის წევრები, ვფიქრობ, რომ ქართველ ადვოკატებსაც აუცილებლად უნდა ეცვათ მანტიები, რომელიც იქნება ქართული მოტივებით  შეკერილი. საქართველოში მხოლოდ მოსამართლე ატარებს მანტიას, ადვოკატების მსგავსად, პროკურორებსაც არ მოეთხოვებათ მისი ტარება.  გვინდა, რომ იგივე წესი გავრცელდეს მათზეც.

ჩვენმა დელეგაციამ პარიზის ბარს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე და საჩუქრებიც გასცა. გარდა ამისა, გვქონდა საქმიანი შეხვედრაც. პარიზში, წინა ვიზიტის დროს შევთანხმდით, რომ პარიზის ბარსა და საქართველო ადვოკატთა ასიციაციას შორი დაინერგება მჭიდრო თანამშრომლობის პროექტი. ახალგაზრდა ადვოკატებს, ვინც ფლობს ფრანგულს, შესაძლებლობა მიეცემათ რამდენიმეთვიანი, უფასო სტაჟირება გაიარონ ადვოკატთა ბარის წარმომადგენლობაში. ასე, რომ 2017 წელს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველ ადვოკატებს, რომელბიც ფლობენ ფრანგულ ენას უმასპინძლებს პარიზის ბარი. ჩვენი წარგზავნილები გაეცნობიან მათ მუშაობას და მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზოგიერთი საქმის განხილვაში.

საფრანგეთში, ამ ლამაზ ღონისძიებას ყოველთვის ესწრება იუსტიციის მინისტრი და ესალმება მონაწილეებს. ახალგაზრდა, ფრანგი ადვოკატები, რომლებიც „პრობონოდ“, ანუ უფასოდ უწევენ დახმარებას მოქალაქეებს და ამით არიან სახელგანთქმულნი, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. სიტყვაში გამომსვლელთაგან ერთ-ერთი იყო საქართველოს მოქალაქე, ფრანგი ადვოკატი – მერაბ მურღულია, რომელიც საფრანგეთის იუსტიციის მინისტრისა და პარიზის ადვოკატთა ბარის პრეზიდენტებისგან დასაჩუქრდა. ახალგაზრდა ადვოკატების ეს ჯგუფი, თითქმის უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად ეხმარებიან ძალიან მძიმე დანაშაულებებში ბრადებულ პირებს.

ისინი დაუღალავად შრომობენ და თითქმის ცხოვრობენ  კიდეც სასამართლო დარბაზებში, საგამოძიებო სამსახურების შენობებში,  ციხეებში და იცავენ ბრალდებულებს.

_ როგორც ვიცი, ზაფხულში, ახალგაზრდა ადვოკატების ეს ჯგუფი საქართველოშიც იმყოფებოდა. მათ უნდა შეესწავლათ დაზარალებული, უფლებაშელახული  ადვოკატების საქმეები. რა პროცესშია ახლა ეს საკითხი?

_ დიახ, ჩვენთან სტუმრად იყო ჩამოსული პარიზის ადვოკატთა ბარის 12 მდივანი. ისინი შეხვდნენ იმ ქართველ ადვოკატებს, რომლებსაც გარკვეული წნეხი ჰქონდათ  საადვოკატო საქმიანობის დროს. წინა ხელისუფლების პერიოდში ბევრი ადვოკატი იყო დაპატიმრებული, ბევრსაც  ჩამორთმეული ჰქონდა უფლებები და სრულფასოვნად ვერ ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებებს. „12 მდივანი“-ს წევრი ფრანგი ადვოკატები  შეხვდნენ მათ და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს. წინა ხელისუფლების პერიოდში  ქართველ ადვოკატებზე ძალადობის, ზეწოლის, დაკავების ფაქტები შეფასდა, როგორც დაუშვებელ, მიუღებელ და გაუგონარ ქმედებად, ადვოკატის პროფესია კი რისკის სფეროდ. ასე, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გრძელდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს და ადვოკატი უკანონოდ  ციხეში აღარ აღმოჩნდეს.

წყარო:www.postalioni.com

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები