სოფელ ნადიბანთან სატვირთო მანქანები მეათე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ – გარდაცვლილია ერთი მძღოლი

დუშეთის რაიონის სოფელ ნადიბანთან სატვირთო ავტომანქანები უკვე მეათე დღეა რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სატვირთოს მძღოლები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კვებისა და მედიკამენტების თვალსაზრისით ადგილზე მძიმე ვითარებაა.
„300-მდე მანქანა მეათე დღეა გაჭედილია, არც საკვები გვაქვს და ფულიც გვითავდება. ადგილობრივები პროდუქტს ძალიან ძვირად ყიდიან. პოლიცია არ გვიშვებს იმიტომ, რომ გზები არაა გაწმენდილი. მანქანები ორივე მიმართულებით მოძრაობს, ჩვენ კი მეათე დღეა არ ვიძვრით“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე პირობების გამო ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქე იყო და იგი ბუნებრივი სიკვდილით – გულის შეტევით 6 დეკემბერს გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
„ჩვენი ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში წმენდს გზებს, სატვირთო ავტომობილები და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება. გამომდინარე იქიდან, რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის შეუძლებელია იქ ასვლა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი იქ დაშვება, პატრული მათ არ ატარებს,“ – აცხადებს სეთურიძე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზების გახსნა ამინდზეა დამოკიდებული, ამიტომაც მათ გზის გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება უჭირთ.
შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მატებას 10-11 დეკემბრისთვის ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები