აფბა იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა, აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვიოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბა, იმ საფრთხეებს აფასებს, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მსგავსი მოცულობით ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს.
„გაუგებარია, რატომ ცდილობს ხელისუფლება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა დაუკავშიროს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მაშინ, როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, თამბაქოსა თუ სხვა ნაწარმზე აქციზის ზრდა გარდაუვალი იყო და აქციზების ზრდის რეალური მიზეზიც სწორედ ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსებაა.
გარდა ამისა, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდა პირდაპირ კავშირში არ არის მწეველთა რაოდენობის შემცირებასთან, არამედ პირიქით, თამბაქოზე აქციზის ზრდით, ხდება მომხმარებლის წახალისება დაბალფასიანი, შესაბამისად, დაბალხარისხიანი თამბაქოს მოხმარების კუთხით. თუ ისევ მსოფლიო მაგალითებს მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ მოხმარების შემცირების მიმართულებით, საგადასახადო წნეხზე ბევრად უკეთ მუშაობს საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიები, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიმართულებით.
რაც შეეხება უშუალოდ თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის ფისკალურ მხარეს, ამ მიმართულებით არის რისკი, რომ ბიუჯეტმა უფრო დიდი ზიანი მიიღოს, ვიდრე შემოსავალი. იმდენად, რამდენადაც, აქციზის გადასახადის ზრდა ამ დოზით, ზრდის ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინების საფრთხეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს ღირებულებას, სადაც ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი თითქმის ერთი ლარით ჩამოუვარდება საქართველოში აქციზის ზრდის შემდგომ დამდგარ ფასს.
ხელისუფლება თამბაქოზე აქციზის ზრდით თამბაქოს მოხმარების 10 % -ით შემცირებას ელოდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში მწეველთა არანაირი სტატისტიკა არ არსებობს და ერთადერთი საშუალება იმის გასაგებად, შემცირდა თუ გაიზარდა თამბაქოს მოხმარება, რჩება ისევ ქვეყანაში იმპორტირებული თამბაქოს ოდენობა. სწორედ თამბაქოს იმპორტით ვახერხებთ დღეს იმის გაგებას, წლიდან წლამდე, შემცირდა თუ გაიზარდა თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად, კონტრაბანდული სიგარეტის გაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა 10 % -ით კი არ შემცირდეს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა, არამედ პირიქით, გაიზარდოს არალეგალური გზით შემოსული თამბაქოს ხარჯზე, რაც ერთი მხრივ, დააზარალებს ბიზნესსექტორს, მეორე მხრივ კი, ნეგატიურად აისახება ბიუჯეტის ფისკალურ ეფექტზე. მსგავსი გამოცდილება ქვეყანას 2005 წელს ჰქონდა, როდესაც კონტრაბანდული საქონლის წილმა თითქმის 50 % შეადგინა, რამაც ლეგალური ბაზარი და ბიზნესსექტორი დაშლის ზღვრამდე მიიყვანა”, – აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში”.
„აფბა“ მიიჩნევს, რომ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მსგავსი დოზით ზრდა მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, აუცილებელია, მსგავსი რეგულაციების მიღებამდე, მჭიდრო და საჯარო კომუნიკაცია შედგეს ბაზრის ფიგურანტებთან და მათთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ, მოხდეს მსგავსი გადაწყვეტილებების დაანონსება და განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები