გიორგი გახარია ავიატორებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ავიატორებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. როგორც მილოცვის ტექსტშია აღნიშნული, ავიატორები ქვეყნისთვის მეტად საჭირო სფეროს თანამშრომლები არიან და ამასთან, შრომატევადი დარგია.
„სამოქალაქო ავიაციის სფეროს ძვირფასო წარმომადგენლებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! ჩვენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. თქვენ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო სფეროს თანამშრომლები ბრძანდებით. სამოქალაქო ავიაცია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამასთან, შრომატევადი დარგია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ესაა სფერო, რომლის განუყოფელი ნაწილია ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც სრულიად წარმოუდგენელია მაღალი პროფესიული სტანდარტების და უნარების გარეშე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ – ქართული სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანი ამ მნიშვნელოვან ამოცანას თავს ღირსეულად ართმევთ. ამისთვის მე უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს – პილოტებს, ეკიპაჟის სხვა წევრებს, ავიამეთვალყურეებს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ვეტერან ავიატორებს და სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებებს და ავიასაწარმოებს, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფასთან – ყველას, ვისაც თუნდაც სულ მცირე წვლილი შეგიტანიათ, შეგაქვთ და მომავალში შეიტანთ ქართული სამოქალაქო ავიაციის სფეროს გამართულად მუშაობისა და განვითარების საქმეში. ქართულმა სამოქალაქო ავიაციამ, როგორც დამოუკიდებელმა დარგმა რთული და საინტერესო გზა განვლო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით მას ზრდისა და განვითარების უპრეცედენტო პერსპექტივა და საშუალება აქვს, რასაც 2015-16 წლებში ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი და საავიაციო უშიშროების აუდიტების შედეგებიც ადასტურებს – საქართველო მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს და სტანდარტებს გაუტოლდა, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის, მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. წინ კიდევ ბევრი საქმე და არაერთი გამოწვევა გვაქვს -ამ დარგს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ეკონომიკის შემდგომის ზრდის მიმართულებით, ის ჩვენი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის პრიორიტეტული სფეროა – ავიაცია ხომ მუდმივად განახლების და განვითარების რეჟიმში მუშაობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს სფეროს თითოეულ თანამშრომელს! გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს თქვენს რთულსა და მნიშვნელოვან პროფესიაში!“ – ნათქვამია მინისტრის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები