იუსტიციის მინისტრი „OGP“-ის გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. პრეზიდენტი გახსნით ცერემონიას პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ თანათავმჯდომარესთან, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ მანიშ ბაპნასთან ერთად წარუძღვება. გახსნით ცერემონიაზე სიტყვით წარდგება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, წლევანდელი სამიტის მთავარი მოვლენაა ღია მმართველობის პარიზის დეკლარაციის ხელმოსაწერად გახსნა. დეკლარაცია შედგება კოლექტიური ვალდებულებებისგან ღია მმართველობის სხვადასხვა თემატიკაზე. მთავრობებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ერთ ან რამდენიმე ვალდებულებას, რომელთა შესრულებაც ღია მმართველობის რეფორმების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„სამიტზე საქართველო დეკლარაციის ხუთ კოლექტიურ ვალდებულებას შეუერთდება, ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალშემოქმედების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის ღიაობის მისაღწევად და აგრეთვე, ვალდებულება, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა. საქართველოს კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. საქართველო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს როგორც პარტნიორობის ახლადარჩეული თანათავმჯდომარე ქვეყანა. კომიტეტი პარტნიორობაში ახალი წევრების მიღებისა და „OGP“-ის ოთხწლიანი სტრატეგიის განახლების შესახებ იმსჯელებს. სამიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიებაზე, მათ შორისაა: პანელი გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ; მაღალი რანგის მრგვალი მაგიდა ორგანიზებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ; პანელი ღია მმართველობის რეფორმების კოორდინაციისა და სწორი მართვის შესახებ. სამიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება სამანტა ფაუერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაეროში. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს, როგორც პარტნიორობის თანათავმჯდომარის და მომავალ წელს − თავმჯდომარე ქვეყნის, გეგმები პარტნიორობის განსავითარებლად. ელჩი, როგორც „OGP“-ის დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი, მინისტრს დღემდე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს. სამიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მომხსენებელი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე. იგი მონაწილეობას მიიღებს სესიაში − „ღია მმართველობა ევროპაში: იმპლემენტაცია ევროკავშირისა და არაევროკავშირის ქვეყნებში“; სიტყვით წარდგება პანელზე − „მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება“; მონაწილეობას მიიღებს „OGP“-ის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომლის დაფუძნებაშიც საქართველომ აქტიურად ითანამშრომლა და მას დიდ ბრიტანეთთან ერთად ხელმძღვანელობს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები