სინაგოგის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩი გორში ჩავიდა

გორში სინაგოგის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე გორში ჩავიდნენ. ისრაელის ელჩი ფაქტს სამწუხაროს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარი ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ეს ფაქტი სამწუხაროა არამარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. მე საქართველოში დავიბადე, ვიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”,- განაცხადა ელჩმა.
რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფო მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს.
გორში სინაგოგა ორი დღის წინ გაქურდეს. მოპარულია ათამდე თორა. სამართალდამცავებმა თორების ნაწილი, დაზიანებულ მდგომარეობაში, სინაგოგიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები