თამარ ბაგრატია: ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ გარემოს მდგომარეობაზე მონიტორინგი იყოს ძლიერი

მტვრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში დაფიქსირებულია წერეთლის გამზირზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა.
ბაგრატიას ინფორმაციით, ქალაქში უკვე ორი თვეა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამი სადგური ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე ისაზღვრება.
სადგურები დამონტაჟებულია დედაქალაქის 3 ადგილას. როგორც გარემოს დაცვის სამსახურში აცხადებენ, მტვრის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირებულია წერეთლის გამზირზე.
„ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი არის მობილიზებული იმისთვის, რომ გარემოს მდგომარეობაზე მონიტორინგი იყოს ძლიერი.
ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი მოდერნიზებული ჰაერის სადგური, რომელიც იაპონელების დახმარებით დავამონტაჟეთ.
ეს სადგური დამონტაჟებულია დედაქალაქის სამ ადგილას, ესენია, წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი და ვარკეთილი.
საგულისხმოა, რომ მტვრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია წერეთლის გამზირზე. სამწუხაროდ, თბილისის ერთ წერტილში, საკმაოდ მაღალი აზოტის დიოქსიდის დაბინძურება გამოვლინდა. ეს არის მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე ქალაქებიდან ყველაზე მეტად ჰაერი დაბინძურებულია, თბილისის გარდა, ბათუმსა და ქუთაისში,“-განაცხადა თამარ ბაგრატიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები