მაკა ჩიჩუამ კონფერენციაში – „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დღეს „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის“ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც „ინფო 9“-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეგიონული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია არიან, მიზნად ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებით მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, არსებული მომსახურების მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს.
მაკა ჩიჩუამ ღონისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განვითარების შეფერხების, ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ყველა ბავშვისათვის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„რამდენიმე წელია, დიდი ინტერესით და მონდომებით ვსწავლობ ამ თემის განვითარებას, თვალყურს ვადევნებ სიახლეებს და ვეცნობი პრობლემებს, რადგან ბავშვთა ადრეული განვითარება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მიხარია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი და მიღწევები გვაქვს და მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურება ამ საქმეს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პროგრესი, ისევ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია – პირველ რიგში, პროგრამის ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისთვის.
ამ პრობლემის მოგვარებას საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობა სჭირდება.
ამიტომაც, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის მხარდამჭერებს გაწეული შრომისთვის და ზუსტი და დროული აქცენტისთვის.
მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, როცა აღარ ვიქნები პირველი ლედი, მაშინ კიდევ უფრო მეტი დრო მექნება, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო კონკრეტულად ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და მასში მონაწილე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოდან, ასევე ამერიკიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები