პროკურატურის ორგანიზებით, „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, თელავისა და ახმეტის შინაგან საქმეთა სამმართველოების, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების გამგეობების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, თელავისა და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისების, თელავში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების: „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისთვის“, „ბემონი“ ნარკომანიის პრევენციის თელავის რესურსცენტრის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და თელავის რაიონულმა პროკურორმა ირაკლი ჩაჩანიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე.
ასევე განხილულ იქნა თელავისა და ახმეტის რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევი მიზეზები, სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი და პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის მიზანია თელავისა და ახმეტის რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები