აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც “კვირას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს,  აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ბიუროს პროექტებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის ძირითადი თემები სააღსრულებო სისტემა, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ხედვები, ამოცანები, სტრატეგიული გეგმები, ღირებულებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სააღსრულებო პროცედურები იყო.
სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს, მათ შორის, ფაქტების კონსტანტაცია, გამარტივებული საქმისწარმოება და სხვა.
ჟურნალისტებმა პირადად მოისმინეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისგან, თუ როგორია ბიუროს განახლებული მიდგომა და პოლიტიკა მოქალაქეების მიმართ. იოსებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია თითოეულ სააღსრულებო საქმისწარმოებაში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ. მედიის წარმომადგენლები ბიუროს მიერ მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკასაც გაეცნენ .
საინფორმაციო სემინარი 25-26 ნოემბერს თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მასშტაბით 30 რეგიონული მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მედიატრენინგი გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები