„შეამოწმე შენი მონაცემები“ – ახალი საშიში ვებგვერდი ინტერნეტსივრცეში, რომელიც არ უნდა გახსნათ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის“ აპარატის ინფორმაციით, ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი – „შეამოწმე შენი მონაცემები“ გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის” აპარატი საზოგადოებას აფრთხილებს, არ შეასრულონ ამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი დიდი ალბათობით, საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა.
ვებგვერდი ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ მათ ბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში“, – აღნიშნულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის“ აპარატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა, როგორც ჩანს, ინტერნეტ-თაღლითები ისევ ცდილობენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოპოვებას.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის“ აპარატი გირჩევთ, არ ენდოთ ამ და მსგავს ვებგვერდებს და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება“, – აცხადებენ აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები