თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად გამოაცხადა

„არჩევნები შედგა“, – ასე შეაფასა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დემეტრე ეგნატაშვილმა. როგორც ეგნატაშვილმა განაცხადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად გამოაცხადა.

მისი თქმით, უკვე არჩეულია 140 დელეგატი, რომელიც 1 კვირის ვადაში თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, არჩევნებში მონაწილეობა 20 635 სტუდენტიდან 2 436-მა მიიღო.
ეგნატაშვილის განცხადებით, დაფიქსირდა საჩივრები, რომლებიც ძირითადად, აგიტაციას უკავშირდებოდა. როგორც ეგნატაშვილმა განაცხადა, დღის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე უბანი, სადაც საარჩევნო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
”პრინციპული საკითხი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არჩევნები შედგა და არის ლეგიტიმური. საჩივრებს რაც შეეხება, იყო აგიტაციასთან დაკავშირებით საჩივარი. 13 უბნიდან შეუფერხებლად იმუშავა ოთხმა უბანმა. ერთი მათგანი შეფერხდა მცირე ხნით. 8 უბანი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში პიკეტირებული. ეს არის წესების დარღვევა, რაზეც, ალბათ, შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას”, – განაცხადა ეგნატაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები