თავდაცვის სამინისტრო უბედური შემთხვევისას დაღუპული სამხედრო ქალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

თავდაცვის სამინისტრო კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
ქალაქ მცხეთის შესასვლელთან I ქვეითი ბრიგადის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანა მცხეთიდან თბილისში, „გიგანტის“ დასახლებაში მდებარე უზრუნველყოფის ბატალიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი. ხოლო ამავე ქვედანაყოფის ორი სამხედრო დაშავდა. დაშავებული სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი მკურნალობის კურსის ჩატარების მიზნით გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათში გადაიყვანენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები