თსუ-ს პირველი კორპუსის ოთხივე საარჩევნო უბანზე თვითმმართველობის არჩევნები შეწყდა

თსუ-ს პირველი კორპუსის ოთხივე საარჩევნო უბნის შესასვლელი „აუდიტორია 115“ -ს წარმომადგენლებმა გადაკეტეს, რის შედეგადაც თვითმმართველობის არჩევნები შეწყდა.

აქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას „ამ უკანონო არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ“.
საარჩევნო უბნებთან მათ თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიედან გადაინაცვლეს. „აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, მათი მისვლისას უბნების კარებები უკვე დაკეტილი იყო.
პირველი კორპუსის ფოიეში მათ თავისი მოთხოვნები გამოთქვეს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მინიმუმი 1%-ის ოდენობით. ისინი ასევე მოითხოვენ პრემიერისგან სისრულეში მოიყვანოს თვითმმართველობის რეფორმა, რომლის შესახებ დაპირება ჯერ კიდევ 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო.
”აუდიტორია 115” მიმართავს განათლების საპარლამენტო კომიტეტს, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შედგეს სამუშაო შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან.
“აუდიტორია 115” რექტორისგან მოითხოვს საჯაროდ მხარი დაუჭიროს მათ მიერ გაჟღერებულ ლეგიტიმურ მოთხოვნებს, დააჩქაროს პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის მუშაობას. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ იყოს რექტორი, რომელიც დადგება არა პოლიტიკური პარტიებისა და მანკიერი სისტემის, არამედ სტუდენტების მხარეს. ისინი ასევე მოითხოვენ სასწრაფოდ გაიზარდოს სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობა და დაიწყოს უკვე არსებული საცხოვრებლების რეაბილიტაცია. სტუდენტები მოითხოვენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან მხარი დაუჭიროს პროგრესულ იდეებს და აღნიშნავენ, რომ 2017 წლის განათლების წლად გამოცხადება ცარიელ სიტყვებად არ უნდა დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები