დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, სიტუაციური ოთახი დაათვალიერა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა, მინდია ჯანელიძესთან ერთად,  ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სერ ალან დუნკანს უმასპინძლა.
სერ ალან დუნკანმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერა, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.
სერ ალან დუნკანი საქართველოში კრიზისების მართვის სფეროში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო ინიციატივებს გაეცნო და ამ მიმართულებით ქართულ-ბრიტანულ მჭიდრო თანამშრომლობას მაღალი შეფასება მისცა.
მინდია ჯანელიძემ სერ ალან დუნკანს და ბრიტანეთის მთავრობას კრიზისების მართვის სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და მომავალში დაგეგმილი ერთობლივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა, ბრიტანული მოდელის, ე.წ. „COBRA“-ს მიხედვით შეიქმნა და სრულად მორგებულია ქართულ სპეციფიკას. ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციას კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა და შესაბამის უწყებებს შორის მაღალი დონის კოორდინაცია წარმოადგენს.
ეროვნული სიტუაციური ოთახის დათვალიერებას ესწრებოდნენ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები