წლინახევრის ბავშვს მდუღარე გადაესხა – პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

წლინახევრის ბავშვი სხეულის დამწვრობით დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, წლინახევრის ბიჭს ადუღებული წყალი გადაესხა, რის შედეგადაც მან სხეულის დამწვრობა მიიღო. შემთხვევა კახეთში მოხდა.
„მშობლების ინფორმაციით, წყალს ელექტრომადუღარით ადუღებდნენ, პატარა კი ელექტროსადენს მისწვდა და ადუღებული წყალი ზემოდან გადაესხა. პაციენტს, სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლისას, სახის, კისრისა და გულ-მკერდის დამწვრობა აღენიშნებოდა. მიღებული აქვს სხეულის მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა. ბავშვი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“ , – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისათვის, წელს ჩვილის დამწვრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გუგა ქაშიბაძე მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ გაითვალისწინონ პატარების ასაკი. მისი თქმით, ცხელი ყავა ან ჩაი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები