კახა კახიშვილი: 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე საპატიმრო დაწესებულება აშენდება

14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე საპატიმრო დაწესებულება აშენდება, – ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.
კახიშვილი მიიჩნევს, რომ 18 წელს მიღწეული პატიმრების სრულწლოვან მსჯავრდებულებთან გადაყვანა სწორი არ არის. გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მის უწყებაში სარეჟიმო პირობების უზრუნველსაყოფად, რისკების მიხედვით პატიმრების კლასიფიცირება მოხდა. კახიშვილის ინფორმაციით, დღეისათვის 203 პატიმარი საშიშროების მაღალი რისკის მქონეა.
„იწყება უპრეცედენტო პროექტი – 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენდება. ჩვენი აზრით, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, არ იქნებოდა სწორი ასეთი პატიმრები, სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადავიყვანოთ. ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციით და დახმარებით შეიქმნება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება, სადაც ცალკეული პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი ამ ასაკისთვის, რათა მომავალში საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულად, მივიღოთ ასეთი ტიპის ადამიანები, სასჯელის მოხდის შემდეგ.
203 მსჯავრდებული არის საშიშროების მაღალი რისკის მქონე, 3 265 მსჯავრდებული – საშიშროების საშუალო რისკის, 158 მსჯავრდებული – საშიშროების დაბალი რისკის, ხოლო 13 მსჯავრდებული – საშიშროების მომეტებული რისკის მქონეა. ამავდროულად გვაქვს გრანდიოზული გეგმები მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები