არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საეკლესიო ლიტერატურა, იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვრები და სანთლები, ასევე, ტკბილეულობა და საკვები პროდუქტები გადასცეს.

„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულოცავს მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს. N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და საჩუქრები გადავეცით. მინდა მათ ვუსურვო მალე განთავისუფლება და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მათთან ერთად კი სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს“, – განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ N11 დაწესებულებაში მოქმედ ტაძარში, დღესასწაულთან დაკავშირებით, მოძღვარმა პარაკლისი აღავლინა, რომელსაც მსჯავრდებულები დაესწრნენ.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულებიც მოინახულეს, გიორგობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები