საქართველოს საელჩოს ორგანიზებულ კონცერტს ყატარის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაესწრნენ

ყატარში, ქ. დოჰაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტი, სახელწოდებით “Stars of Georgia – A Musical Soiree” ყატარის ოპერის თეატრის შენობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა ქართველმა შემსრულებლებმა ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა „ქართული ხმები“ და პიანისტმა დავით მაზანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ როგორც წესი სამეფო ოჯახის წევრები ყატარში არ ესწრებიან საჯარო კონცერტებსა და მსგავს ღონისძიებებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს ყატარის ემირის დედა და ყოფილი ემირის მეუღლე შეიხა მოზა ბინთ ნასერი დაესწრო.
ღონისძიებას ასევე სტუმრობდნენ მთავრობის წარმომადგენლები, დოჰაში აკრედიტებული დიპლომატები, ყატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ჟურნალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კონცერტის დასრულების შემდგომ ოპერაში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ყატარის წამყვანი მედია საშუალებების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები