„ თუ კარიერულ წინსვლას გადავწყვეტთ, ნებისმიერი უხეში შეცდომა ფეისბუქზე, შეიძლება, ყველაზე უდროო დროს ამოგვიქექონ“,- გურამ შეროზია

თუ კარიერულ წინსვლას გადავწყვეტთ, ნებისმიერი უხეში შეცდომა ფეისბუქზე, შეიძლება, ყველაზე უდროო დროს ამოგვიქექონ, – ამის შესახებ ბლოგერმა გურამ შეროზიამ ინტერნეტში პერსონალური მონაცემების დაცვაზე საუბრისას გააკეთა. როდესაც ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კონკრეტული რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ინტერნეტში უფრო დაცული სივრცე ჰქონდეთ, მან გვიპასუხა, რომ უმჯობესი იქნება, თუ სოციალურ ქსელში აქტივობისას ისინი გარკვეულ სტრატეგიას შეიმუშავებენ და არ გამოხატავენ ყველა იმ ემოციას, რომელსაც განიცდიან. “კიბერ კვირასთან” ინტერვიუში გურამ შეროზია მკითხველს რამდენიმე სხვა რჩევასაც აძლევს…

– გურამ, სოციალური ქსელების ხშირი მომხმარებელი ხართ, მაგრამ რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას? ფიქრობთ, რომ სოცქსელი ინფორმაციის გავრცელების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა?

– სოციალური ქსელებითაც ყველაზე მეტად ფეისბუქს და ლინკედინს ვიყენებ. ინფორმაციის გავრცელების, კომუნიკაციის, ორგანიზების და დაგეგმვის და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი აქტივობისთვის საკმაოდ სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული საშუალებაა.

-გქონიათ შემთხვევა, როდესაც უცხო ადამიანს თქვენს სოცქსელზე ნებართვის გარეშე შეუღწევია?

-საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ჩემს ფეისბუქზე შეღწევას ცდილობენ, ვერ ვხვდები, რა მიზნით, ან რას ელიან რომ ნახავენ, თუმცა, უსაფრთხოების ყველა მექანიზმი მაქვს გამოყენებული. თავისი პაროლებით, სმს კოდებით და ა.შ.

– ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული წესი, რომელსაც ინტერნეტში პერსონალური უსაფრთხოების გამო იცავთ? მაგალითად, ცდილობთ, რომ ინფორმაცია გაფილტროთ…

-ვფიქრობ, რომ ადამიანები ფეისბუქზე გარკვეულ წესებს უნდა ვიცავდეთ, რადგან პოტენციური დამსაქმებლებისთვის ფეისბუქი ჩვენზე ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა. მეორე მხრივ, თუ კარიერულ წინსვლას გადავწყვეტთ, ნებისმიერი უხეში შეცდომა ფეისბუქზე შეიძლება ყველაზე უდროო დროს ამოგვიქექონ.

ჩემი ძირითადი სტილი ცენზურის დაცვაა – როგორც ჩემი, ასევე სხვების მხრიდან და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვა ნებისმიერი კომენტარის ავტორის მხრიდან. ასევე, არ ვარ პოლიტიკურად მიკერძოებული, არც აგრესიული ვინმეს მიმართ და ზოგად მოვლენებზეც ნეიტრალური პოზიცია მაქვს.

ფეისბუქ იუზერებისთვის ჩემი პირადი ცხოვრების დეტალებიც მიუწვდომელია, რაც ბევრი სხვა მომხმარებლის შემთხვევაში საკმარისზე მეტი დეტალიზაციით არის აფიშირებული, რაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

– რას ურჩევდით ინტერნეტმომხმარებლებს იმისთვის, რომ მათი პერსონალური უსაფრთხოება უფრო დაცული იყოს?

-რაც შეეხება რჩევებს:

ნუ გამოხატავენ ყველა ემოციას, რასაც იმ მომენტში განიცდიან. შეიმუშაონ სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ სოციალურ ქსელებს ეხება, არამედ სამომავლოდ ბევრ სხვა რამეს შეიძლება შეუწყოს ან შეუშალოს ხელი. დაიცვან ცენზურა და ნუ შევლენ აგრესიულ დაპირისპირებაში სხვადასხვა ჯგუფებთან;
მოერგონ შინაარსობრივად იმ სფეროს, სადაც სურთ თავის დამკვიდრება
გააძლიერონ დაცვის სისტემა, რაკი ფეისბუქის შემდგომი გაუქმება და ახლიდან დარეგისტრირება გვართმევს ყველაფერს, რაც აქამდე გაგვიკეთებია და, ფაქტობრივად, თითქმის ნულიდან გვიწევს დაწყება;
პატივი სცენ როგორც საკუთარ, ისე სხვის სენსიტიურ, დელიკატურ თუ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
მოაწესრიგონ ყველა სოციალური ქსელი ისე, რომ უცნობი ადამიანის შემოსვლის შემთხვევაში, დატოვონ სწორი და სასურველი შთაბეჭდილება.

წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები