კახეთში რძის გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორ“-ის საკონფერენციო დარბაზში, რძის გადამამუშავებელ მცირე და საშუალო მეწარმეთა ფორუმი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფორუმი, რომელიც 2016 წლის 28 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გასტანს, პროექტის „MOLI კახეთში“ ხელშეწყობით ჩატარდება.
პროექტი უკვე მეხუთე წელია კახეთის რეგიონში, შვეიცარული ორგანიზაციის “HEKS/EPER ოფისი სამხრეთ კავკასიაში” მიერ, შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მეცხოველეობით დაკავებულ მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაეზარდოთ შემოსავალი და განავითარონ ცხოვრების დონე გაუმჯობესებული პროდუქციის, მომსახურების, ინფორმაციის, ბაზრის წვდომისა და საარსებო გარემოს საშუალებით.
კახეთის რეგიონში, რძის სექტორში არაერთი მცირე და საშუალო ბიზნეს ოპერატორი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. თუმცა, მათ უმეტესობას სექტორთან დაკავშირებით რიგი პრობლემები აქვს. ეს ერთი მხრივ, გამოწვეულია ხარჯების მომატებით, რომელსაც სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვს და თავისთავად, საქონელზე ერთეულის ფასს ზრდის; მეორე მხრივ, კი მეწარმეებს უძნელდებათ პროდუქციის შესაბამის ფასში რეალიზაცია, რადგან არარეგისტრირებულ მეწარმეთა გვერდით, არათანაბარ კონკურენტულ გარემოში იმყოფებიან. არარეგისტრირებული ინდივიდუალური პირები თუ საწარმოები, რომელთაც არ აქვთ მეწარმის ოფიციალური სტატუსი, ყველისა და რძის სხვა პროდუქტის რეალიზაციას, ყველანაირი წესის გვერდის ავლით ეწევიან კვების ობიექტებში, საცალო ქსელებსა და ბაზრებში. შედეგად, იმ მეწარმეთათვის გასაღების ბაზარი მცირდება, რომლებიც ყველანაირი წესისა და სტანდარტის დაცვით ოპერირებენ. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესი, ერთი მხრივ, სექტორის კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებას უშლის ხელს, ხოლო, მეორე მხრივ – მომხმარებელთა უფლებებს არღვევს.
რძის სექტორში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის მოწესრიგების და ზოგადად, ადგილობრივი რძის სექტორის სწორად განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტმა „MOLI კახეთში“ რძის გადამამუშავებელთა ფორუმის ჩატარება გადაწყვიტა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები ( ვისაც უშუალოდ ეხება ზემოთაღნიშნული პრობლემა), ასევე სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი პირები, სექტორის განვითარების და მომხმარებელთა უფლებების დაცვით დაინტერესებული მხარეები, ერთმანეთში აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრებენ და შეეცდებიან მათი მოგვარების სამომავლო გეგმების დასახვას. ფორუმზე მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარ შეთანხმებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები