„იუნისეფი“: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, – ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია საუბარი, რომელიც „იუნისეფმა“ დღეს წარადგინა.
კვლევის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა სულ საქართველოში მცხოვრები 4 533 ოჯახი გამოკითხა.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ასევე ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა აღნიშნა, საქართველომ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ სერიოზული გამოწვევები რჩება.
”სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის. სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა”, – განაცხადა ლაილა ომარ გადმა.
ცნობისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ყოველწლიურად ტარდება და მის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები